ლევ ტროცკი და რევოლუციის დიალექტიკა

ლევ ტროცკი და რევოლუციის დიალექტიკა

 

არტურ მოლერ ვან დენ ბრუკი, თავის 1923 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში:"Das Dritte Reich" შენიშნავს, რომ "დღევანდელი რევოლუციონერი არის ხვალინდელი დღის კონსერვატორი". კონსერვატიული რევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ რევოლუციური ცეცხლისა და მისთვის თანმხლები ჰეროიკული აღმაფრენის შემდეგ, დგება დრო, როდესაც აუცილებელი ხდება ახალი პოლიტიკური სტრუქტურების, ინსტიტუტებისა და ბიუროკრატიული მანქანის გამართვა, იმისათვის რათა შერჩევითი პრინციპით შენარჩუნებულ იქნას რევოლუციური მემკვიდრეობის ის მონაპოვარი, რომელიც ახალი, პოსტ-რევოლუციური ქრონოტოპოსის კონსტრუქციულ მოთხოვნა-საჭიროებებსა და ვიწრო პოლიტიკურ პრეტენზიებს უპასუხებს, რაიც უცილობლად გულისხმობს დიადი რევოლუციური იდეალების ყოველდღიური, მდორე და ამავდროულად მკაცრი პოლიტიკური ცხოვრების პროკრუსტეს სარეცელზე მოთავსებას, მისი დესტრუქციული პოტენციალის გარდაქმნას შემოქმედებით ენერგიასა და კონკრეტულ, მეტად პრაგმატულ პოლიტიკურ პროექტებში.

 

რევოლუციის დიალექტიკის ამ ფუნდამენტურ მახასიათებლებს შესანიშნავად იაზრებდა ლევ ტროცკი. იგი, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, "ჩემი ცხოვრება" მრავალჯერ ეხება აღნიშნულ პრობლემას:

 

"რევოლუციური ქაოსი არ არის არც მიწისძვრა და არც წყალდიდობა. რევოლუციის უწესრიგობიდან მაშინვე იწყებს აღმოცენებას ახალი წესრიგი."

"რევოლუციონერები, რომლებიც ძალაუფლებას იგდებენ ხელთ, გარკვეულ ეტაპზე მას ან მშვიდობიანად კარგავენ, ან - კატასტროფულად. ეს ან რევოლუციის მმართველ ფენებში გარკვეული იდეებისა და განწყობების გავლენის დაკნინებას ნიშნავს, ან თვით მასებში რევოლუციური აღტყინების დაცემას, ან ერთსაც და მეორესაც."

 

 "გუშინდელი დღე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ოქტომბრის ლოზუნგი ჯერ არ წაშლილიყო მეხსიერებიდან. დიდი იყო პირველი პერიოდის ბელადების პირადი ავტორიტეტებიც, მაგრამ ტრადიციული ფორმების საბურველქვეშ უკვე სხვაგვარი აზროვნების წესი მკვიდრდებოდა. საერთაშორისო პერსპექტივები მკრთალდებოდნენ. ყოველდღიური მუშაობა მთლიანად შთანთქავდა ადამიანებს. ახალი მეთოდები, რომლებსაც ძველი მიზნისთვის უნდა გაეწიათ სამსახური, ახალ მიზნებს და პირველ რიგში, ახალ ფსიქიკას აყალიბებდნენ. ახალი ვითარება ბევრისთვის ბოლო გაჩერებად იქცა. იქმნებოდა ახალი ტიპი."

 

"როგორც კი ვითარება ჩაწყნარდა და მომთაბარე რევოლუციონერები ერთ ადგილზე დაფუძნდნენ, მათში თვითკმაყოფილი ჩინოვნიკების ობივატელურმა თვისებებმა და გემოვნებამ იჩინა თავი."

 

ჩვენი მიზანია, 1905-07 წლებისა და 1917 წლების ორი რევოლუცია, ერთ დიდ დროში, ქრონოტოპოსში განვიხილოთ, ვითარცა ერთი მთლიანი რევოლუციური პროცესი და არა, როგორც ცალკეული დისკრეტული ხდომილება.

 

საქმე იმაშია, რომ რუსულ რევოლუციას არსებითად ახასიათებს გადაულახავი შინაგანი წინააღმდეგობა, რაც საბოლოო გახლეჩით გვირგვინდება. რევოლუციის მოსამზადებელ პერიოდში, უკვე თავს იჩენს გარკვეული ფარული დაპირისპირება კონტრასტულ რევოლუციურ ელემენტებს შორის - ერთი ნაწილი რადიკალური ცვლილებებისკენ მოუწოდებს, მეორე უფრო შემრიგებლური და რბილია, ერთი ინტერნაციონალიზმისკენ იხრება და მსოფლიო რევოლუციისა სწამს, მეორე ნაციონალურ საკითხს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას და აუცილებლად ეჩვენება ნაციონალისტური მითოსის შემდგომი ინსტრუმენტალიზაცია, ერთი ოჯახისა და რელიგიის დეკონსტრუქციას ისახავს მიზნად, მეორე კი გარკვეული ტიპის კულტურულ კონსერვატიზმს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებელ საფუძვლად განიხილავს და ა.შ.

 

რევოლუციამდელი პერიოდის იმპლიციტური წინააღმდეგობანი, რევოლუციის შემდგომ ეპოქაში, რევოლუციის მაგისტრალური ნაკადის გახლეჩით, დისოციაციური პროცესებითა და უკვე ექსპლიციტური შინაგანი ურთიერთდაპირისპირებით ბოლოვდება. იწყება დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელშიც იმარჯვებს არა ის, ვინც ამა თუ იმ დოქტრინის, ვთქვათ მარქსიზმ-ლენინიზმის სწავლებათა განუხრელად ერთგული რჩება, არამედ იგი, რომელიც მიჰყვება ისტორიის კანონზომიერებასა და რევოლუციის ლოგიკას, ადეკვატურად პასუხობს ახალი დროის მკაცრ პოლიტიკურ ფაქტებსა თუ გარემოებებს, რომელიმე მოძღვრების დოგმებს კი არ უქვემდებარებს რეალობას, არამედ პირიქით, თავად იდეოლოგიას არგებს გარდაუვალ ისტორიულ მოცემულობას.

 

მთავარი, რისი გააზრებაც გვმართებს, ისაა, რომ ბოლშევიკური რევოლუცია არა მხოლოდ საკუთარი თავის გარეთ ჰბადებს წინააღმდეგობას (რაიც ფაშიზმსა და ნაციონალ-სოციალიზმში გამოიხატა), არამედ შიგნითაც. შინაგანი ხლეჩა და გაორება, უცილობელი და თანშობილი დუალიზმი, რომელიც პრერევოლუციურ დროში საკუთარ თავს ნაკლებად ამჟღავნებს, მაგრამ პოსტ-რევოლუციურ ეპოქაში სტიქიური ძალმოსილებით გამოვლინდება, საბოლოო ჯამში სრულდება სტალინიზმის აღზევებითა და კონსერვატიული (კონტრ)-რევოლუციით.

 

სოციალისტური რევოლუცია ჰბადებს რევოლუციურ კონსერვატიზმს, როგორც თავის გარეთ, ასევე შიგნით, თუმცა არა ოდენ სოციალისტური რევოლუცია მიისწრაფვის კონსერვატიზმისკენ, არამედ თავად კონსერვატიული რევოლუციაც იმთავითვე სოციალიზმს მოიაზრებს თავის თავში და მისი აღორძინებითვე გვირგვინდება.

 

ოსვალდ შპენგლერი, თავის "დასავლეთის დაისში" აღნიშნავს, რომ ბურჟუაზიული რევოლუცია მხოლოდ გარდამავალი ეტაპია და მისი ყოველი წარმატება დროებითია, რადგან რევოლუციის ლოგიკა ყოველთვის სოციალიზმისკენ მიისწრაფვის - სოციალიზმი დასავლური ცივილიზაციის ბედისწერა და ბოლო გაჩერებაა, რადგანაც ლინეარული დროის თანმდევი პროგრესის განცდა, გულისხმობს დისკრეტული და ინდივიდზე მორგებული კეთილდღეობის აბსოლუტურ სივრცობრივ განფენას მთელს საზოგადოებასა და სამყაროზე. ფაქტიურად, შპენგლერი ადასტურებს ტროცკის "პერმანენტული რევოლუციის" იდეის არსებით ჭეშმარიტებას.

 

საგულისხმოა, რომ კონსერვატიული რევოლუციის თითქმის ყველა გამორჩეული წარმომადგენელი ამავდროულად სოციალისტი იყო. ეს, თავად რევოლუციის მკაცრი ლოგიკიდან გამომდინარეობს. ამდენად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ოსვალდ შპენგლერი და მოლერ ვან დენ ბრუკი, საბოლოო ჯამში მაინც სოციალიზმს ქადაგებდნენ ("გერმანული სოციალიზმი მოწოდებულია იმისათვის, რათა თავისი როლი შეასრულოს კაცობრიობის სულიერ და ინტელექტუალურ ისტორიაში იმით, რომ განიწმინდოს ლიბერალიზმის ყოველგვარი ანაბეჭდისგან. ლიბერალიზმი იყო მე-19 საუკუნის უწმინდური ძალა, რომელიც ანადგურებდა სოციალიზმის საფუძვლებს." - Arthur Moeller van den Bruck -  "Das Dritte Reich"), არც იმაშია გასაოცარი რამე, რომ ულტრა-მემარჯვენე ერნსტ იუნგერი აღფრთოვანებული იყო ლევ ტროცკის ნაშრომებით, ანდაც იმაში, რომ კარლ შმიტისა და ტროცკის მიერ პარლამენტარული დემოკრატიის წინააღმდეგ დაწერილი კრიტიკა სრულიად იდენტურია. 

 

აქ, საქმე მხოლოდ გენიალური იდეოლოგიური ოპონენტითა და მტრის სიდიადით აღფრთოვანებას როდი ეხება, ვერც ლიბერალიზმის დაუფარავი სიძულვილით აიხსნება ეს, ერთი შეხედვით უცნაური თანაკვეთა - კონსერვატიული რევოლუციის წარმომადგენლები (ოსვალდ შპენგლერი, კარლ შმიტი, მარტინ ჰაიდეგერი, ერნსტ იუნგერი, არტურ მოლერ ვან დენ ბრუკი, ალფრედ როზენბერგი და სხვანი) მიწასთან ასწორებდნენ ლიბერალიზმის საფუძვლებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძნელია დაადგინო რომელი უფრო რადიკალური და სასტიკი იყო ლიბერალიზმისა და ლიბერალების წინააღმდეგ იდეოლოგიურ ომში, ისინი თუ თავად რევოლუციის დემონი - ლევ ტროცკი, რომელიც თავის მრავალ მნიშვნელოვან ნაშრომსა თუ სტატიაში, აცამტვერებს და ანადგურებს ლიბერალიზმს; იგი ყველგან აშკარა ზიზღითა და სიძულვილით მოიხსენიებს ლიბერალებს, მათ შორის შედარებით აპოლიტიკურ ტექსტებში, ვთქვათ ლიტერატურულ კრიტიკაში (გავიხსენოთ ლევ ტოლსტოიზე დაწერილი ნეკროლოგი).

 

გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი წარმოადგენს კონსერვატიული რევოლუციის პერვერსირებულ ვერსიას, რომელმაც მისი სულიერ-არისტოკრატიული, კულტურულ-ინტელექტუალური პარადიგმა ჩაანაცვლა, წმინდად რასისტული და ზოოლოგიური, შიშველი, ერთობ პათოლოგიური დესტრუქციის ნარატივით, მიუხედავად ამისა, რაოდენ ღიმილისმომგვრელია, რომ თვით ნაცისტებმაც ვერ აუარეს გვერდი სოციალიზმს და საბოლოო ჯამში სოციალისტური სახელმწიფო ააშენეს. ჰიტლერიზმსა და სტალინიზმს შორის, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ნაციონალ-სოციალისტური გერმანია შინაარსით ნაციონალური იყო - ფორმით სოციალისტური, ხოლო სტალინის სსრკ პირიქით, თუმცა არც ერთს და არც მეორეს, არ შეეძლო უარი ეთქვა, ერთი შეხედვით მეორეხარისხოვან ფორმაზე და ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ვერც იმას მოახერხებდა რომელიმე, რომ ფორმის თავისთავადი, სტიქიური ექსტრემიზებისა და ჰიპერტროფირების მათგან დამოუკიდებელი პროცესი შეეჩერებინათ, შედეგად კი შინაარსის პირველადობა და აღმატებულობა ხელოვნური ჩარევით დაეცვათ. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ბოლშევიკური რევოლუცია კულტურული კონსერვატიზმისა და ნაციონალისტური მითის აღორძინებით მობოლოვდა, ხოლო გერმანიაში, ულტრა-მემარჯვენე, ულტრა-რასისტული რევოლუციის შედეგად, სოციალისტურმა მუშათა პარტიამ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.

 

კონსერვატიული რევოლუცია სოციალიზმთან არის გადაჯაჭვული, ხოლო სოციალისტური რევოლუცია, საბოლოო ჯამში, კონსერვატიული ელემენტების აღზევებას განაპირობებს - ამ ფენომენის ბოლომდე გასაგებად, აგრეთვე შეიძლება გამოდგეს ის მისწრაფება, რაც კონსერვატიულ და სოციალისტურ პარადიგმებს აერთიანებთ - კოლექტიური პრინციპისა და ერთიანობის პრიმატი, ინდივიდსა და ადამიანზე, რომელიც თავის თავში გულისხმობს გარკვეული ტიპის ნორმატიული ეთიკისა და კულტურული აკრძალვების ქონას, აგრეთვე იერარქიულობისა და თანასწორობის პრინციპების ჰარმონიულ განზავებას.

 

ლევ ტროცკის სძულდა ბიუროკრატიული კონსერვატიზმი და სტალინის ცივსისხლიანი პოლიტიკური პრაგმატიზმი, არანაკლებ, ვიდრე დემოკრატია ("პოლიტიკაში გარდასულ დღეთა მოგონებებს ისეთივე უმნიშვნელო წონა აქვთ, როგორც დემოკრატიულ პრინციპებს"), მისი "პერმანენტული რევოლუციის" იდეა, არსებითად მართალი და წმინდად თეორიული თვალსაზრისით, უთუოდ თანმიმდევრული კონცეფციაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დამარცხდა რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდგომი ცხოვრების მკაცრ ფაქტებთან.  ტროცკი სწორ დასკვნებს აკეთებდა, მაგრამ საკუთარი ცეცხლოვანი ბუნებიდან გადახვევა და თეორიულ განაზრებათა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ვეღარ შეძლო. სტალინის უხეშმა ემპირიზმმა გაიმარჯვა, რადგან იგი ზუსტად რეფლექსირებდა დროის მოთხოვნებზე - მრავალი სისხლისღვრისა და ანარქიის შემდეგ, აუცილებელი იყო ფოლადისებრ გამძლე, სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურებისა და მძლავრი ბიუროკრატიული მანქანის მშენებლობა, პრაგმატული ეკონომიკური გეგმები და არა მარქსისტული დოგმები, ნამდვილი, იერარქიულ პრინციპებზე აგებული არმია და არა თანასწორ ჯარისკაცთა ხროვა, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი, ნაციონალური მითოსისა და რელიგიის გარკვეული ელემენტების მშვიდი რეინტეგრაცია, შემდგომში კი მათი ინსტრუმენტალიზაცია ძალაუფლებრივი ვერტიკალის გამყარების მიზნით.

 

გაზიარება: